თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
არსებობს თუ არა სამხილები, რომ ქართულმა მხარემ ომის დანაშაულები
არსებობს თუ არა სამხილები, რომ ქართულმა მხარემ ომის დანაშაულები ჩაიდინა?
 

ჯეფრი ქეი სილევერმანი და იან ქარვერი 


 
აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საერთაშორისო კონვენციებით (რომელიც არ არის ხელმოწერილი არც რუსული და არც ქართული მხარეების მიერ) აკრძალული კასეტური ბომბები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა. საქართველოს მთავრობა ამას არ აღიარებს. თუმცა, აცხადებს, რომ კასეტური ბომბები სამხრეთ ოსეთში გამოიყენა. „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ჩაატარა ამ საკითხზე გამოძიება, რომელთაც დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ რუსების მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ბროწლეთში. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის საიტზე www.humanrights.ge და „ჯორჯიან თაიმსში“. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება თავად ჩავატარეთ, ჩვენი დასკვნები მაინც „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დეტალურ გამოძიებას ეყრდნობა.

თუ დამტკიცდება, რომ საქართველოს მთავრობამ კასეტური ბომბები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართულად გამოიყენა ამას ომის დანაშაულის კლასიფიკაცია მიეცემა, რაც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების აღსასრულის ტოლფასი იქნება.

2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ორმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ამერიკელმა ჯეფრი სილვერმანმა ბრიტანელ ჟურნალისტ ენტონი ბათსთან ერთად პირველებმა აღმოაჩინეს, რომ კასეტური ბომბები სამხერთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ გამოიყენეს. მოგვიანებით, ამერიკელმა დამოუკიდებელმა ფოტოგრაფმა იან ქარვერმა კასეტური ბომბების ფოტოები რუსული ბლოკ-პოსტების მიღმა მდებარე სოფლებში გადაიღო. გადაღება მოხდა ფარული გამოძიების დროს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ კონფლიქტის ზონის გარეთ სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენების მასშტაბის დადგენას.

დამოუკიდებელი უცხოელი ჟურნალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად ფირზე აღიბეჭდა ომის შედეგები და მოროდიორობის ფაქტები. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მასალები ოსი ,,ბოევიკების” მიერ ჩადენილი ეთნიკური წმენდის ფაქტებზე. მოპოვებულ იქნა ინფორმაცია იმაზეც თუ, სად გაქრა ქართველების მიერ მიტოვებული იარაღი. ჟურნალისტებმა ასევე მოიძიეს დოკუმენტაცია იარაღის იმპორტის სხვასხვა წყაროებთან დაკავშირებით და სცადეს, დაედგინათ ადამიანის უფლებების დარღვევების მაშტაბი საქართველოში. გაჩნდა კითხვა ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ, რაზეც პასუხის გაცემა საქართველოს მთავრობას უჭირს

კასეტური ბომბების ზოგიერთი ფოტო უკვე დაიდო სხვადასხვა ინტერნეტ საიტზე და გაეგზავნა ადამიანის უფლებათა დამცავ რამდენიმე ორგანიზაციას. ყუმბარების ფოტოების ანალიზის შედეგად, რომელიც ახლახანს დასრულდა და რომელიც ა.შ.შ.-ს დაზვერვისა და სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარდა, დადგინდა ასაფეთქებელი ნივთიერებების ტიპი და წარმომავლობა. საქართველოს მთავრობას ამ ანალიზის შედეგები არ გაუპროტესტებია, მხოლოდ ფაქტების ჩვენეული ინტერპრეტაციაზე გამოთქვა პრეტენზია.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია

კასეტური ბომბებისა და იმ ყუმბარების (რომელშიც კასეტური ბომბები იყო მოთავსებული) ფოტოები, გამოიკვლიეს მთელი ამერიკის მასშტაბით მომუშავე ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტებმა, მათ შორის მათაც, ვინც უკვე წლებია მუშაობენ ა.შ.შ.-ს სამხედრო და სამართალდამცავ ორგანოებში, ფედერალურ სააგენტოებსა და დაზვერვის სისტემაში. სამწუხაროდ, ექსპერტებმა არ მოგვცეს უფლება დაგვესახელებინა მათი სახელები, რადგან ისინი ჯერ კიდევ ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ.

ექსპერტები ერთ აზრზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ზოგადი დასკვნა ასეთი იყო: ფოტოებზე გამოსახულია M85-ის ტიპის კასეტური ბომბები. მათ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ან როგორ იყო ეს ბომბები დამზადებული, თუმცა, ამას ჩვენ არც ველოდით. საქართველოს მთავრობის მეირ დაქირავებული ამერიკული ანტიტერორისტული კონსალტინგური ჯგუფის ,,არჩეინჯელ გრუფის” წარმომადგენელმა ჯონ გიდუკმა განაცხადა, რომ ,,არავინ (იგულისხმება ამერიკელი ექსპერტები, რომლებსაც გავუგზავნეთ ფოტოები) არაფერი იცოდა საქართველოში არსებული კასტური ბომბების შესახებ, გარდა იმისა, რომ ისინი (ბომბები) საქართველოში აღმოაჩინეს. ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი, რომ თავიანთი ვინაობა და თანამდებობა გაემხილათ. მით უფრო ამ ტიპის გამოძიების დროს.” ის რომ კასეტური ბომბები იპოვეს სამხრეთ ოსეთის გარეთ, დასტურდება სხვადასხვა მედია საშუალებებისა და ,,ჰუმან რაითს ვოჩის” მიერ.

რა მოიმოქმედეს მათ

ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის აზრით, ქართველების მიერ გამოყენებული კასეტური ბომბები რუსული BM-21- ის ტიპის ყუმბარებში იყო მოთავსებული. ამ ტიპის იარაღს ბევრ ქვეყანაში ამზადებენ, მათ შორის, ბოსნიაში, ერაყში და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში და ყველა მათგანი რუსული ორიგინალის ვარიაციას წარმოადგენს. კასეტურ ბომბებს ხშირად ისვრიან M87 ორკანის ტიპის ყუმბარმტყორცნებიდანაც. ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ კასეტური ბომბი საკმაოდ მგრძნობიარეა და შეიძლება მსუბუქმა ქარმაც კი ააფეთქოს. ,,M85 მეტად მგრძნობიარეა და თვითგანადგურების მექანიზმზე მუშაობს. ბევრ ქვეყანას აქვს გამოშვებული მისი სხვადასხვა ვერსია. ამ ქვეყნებს შორისაა ა.შ.შ., რუსეთი და ისრაელი. ისრაელის მიერ გამოშვებული M85 DPIჩM იგივეა რაც ა.შ.შ.-ს M42/M77. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისრაელის წარმოებულ კასეტურ ბომბებს M123 ტიპის დეტონატორის ნაცვლად აქვს თვითაგანადგურებადი შენელებული მექანიზმის დეტონატორი. M85-ის ნატოსეული (ანუ გერმანული) ვერსია არის DM1383.”

სხვა ექსპერტებმა კი კასეტური ბომბების დეტალური აღწერილობაც მოგვცეს და შემდეგი სახის კომენტარიც გააკეთეს: ,,ფოტოზე მოცემული კასეტური ბომბების გასროლა შესაძლებელია ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობით ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებთან ერთად. ამ ტიპის კასეტურ ბომბებს თვითმფრინავიდანაც ყრიან და 105 მილიმეტრისა და უფრო დიდი ზომის ყუმბარმტყორცნებიდანაც ისვრიან. კასეტური ბომბების სროლის სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თითოეულ კასეტურ ბომბს მოჰყვება ნაჭრის ლენტი (წითელი ან თეთრი ფერის, რომელიც ბომბის თავზეა დამაგრებული). ლენტი ბომბის ჩამოვარდნისას ჰაერში ტრიალებს და უზრუნველყოფს ბომბის სტაბილურ დაშვებას მიწაზე. ლენტის საშუალებით იხსნება კასეტური ბომბის თავსახური და მასში მოთავსებული ნივთიერება გამოდის გარეთ, რასაც ,,პირდაპირ დამიზნებას” უწოდებენ.

,,კასეტური ბომბების 95 % შედგება ისეთი ქიმიური ნივთიერებისაგან, რომელიც ცეცხლს აჩენს. ასე რომ, ინერციით, თავსახურის გახსნის შემდეგ, ამოქმედდება დეტონატორი, იწყება ფრანგმენტაცია და ჩნდება ცეცხლი. აფეთქების მასშტაბი რადიოსში დაახლოებით 5 მეტრს აღწევს“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი.

გახვრეტილი სახურავისა და დამწვარი ოთახის ფოტო კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ მოქმედებს კასეტური ბომბი, როგორც ბომბი და როგორც ცეცხლის გამომწვევი მოწყობილობა. სურათზე გამოსახულ სახლის სახურავს M85 დაეცა და ოთახს ცეცხლი წაეკიდა.

კასეტური ბომბი მეტად საშიშია. იგი ორმაგ საფრთხეს შეიცავს: პირველი საფრთხეა  აფეთქება და თუ არ აფეთქდა,  ამ შემთხვევაშიც ბომბიდან გამოსული ქიმიური ნივთიერების საშუალებით ცეცხლი ჩნდება. ასე რომ, თუ ბომბის სიახლოვეს მოხვდით აფეთქება თუ არა ცეცხლი მაინც მოგიღებთ ბოლოს.

ერთ-ერთმა ექსპერტმა მოგვწერა, რომ ამ ფოტოზე გამოსახული ყუბარა DM 1385 ტიპის ჭურვის სასროლს ჰგავს. მისი თქმით, DM 1385 ტიპის ყუმბარა არის HEAT/FRAG ტიპის ორმაგი დანიშნულების იარაღი, მისი აფეთქების შედეგად ჩნდება ცეცხლი. DM 1385 ტიპის ყუმბარით  DM662 ტიპის ჭურვის სროლაც შეიძლება. ერთ-ერთი ანალიტიკოსის თქმით, „ეს შესაძლოა არის დაშლადი ჭურვი, რომელიც ამერიკული მრავალდანიშნულებიანი M42ტიპის ჭურვის მსგავსია. ისინი ნამდვილად ქარხნული წარმოებისაა. თუმცა, მათი დამზადება სახლშიც შეიძლება. ამ ჭურვის ამერიკული მოდელი შეიცავს პატარა სპილენძის მოწყობილობაში მოთავსებულ ასაფეთქებელს, რომელსაც შეუძლია ჯავშნის დაზიანება მსუბუქი და ასევე შეიცავს მოწყობილობას, რომელიც შიგნიდან ფეთქდება და სერიოზული მსხვერპლის გამომწვევია. ამ ტიპის ჭურვებს ჩვეულებრივ მსუბუქი ჯავშნისა და ფეხოსანი ჯარისკაცების წინააღმდეგ იყენებენ. ასევე ეფექტურია მათი გამოყენება რამდენიმე ტიპის ტრანსპორტის წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ჭურვები ეფექტურია ძველი ტანკებისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად.

„ამ ტიპის რაკეტების უმეტესობას ხმელეთიდანვე ისვრიან. ამ ჭურვებს რუსული შეიარაღებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მაგრამ შეიძლება ამერიკული წარმოებისაც იყოს. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ნატო და ამერიკა ადრე საქართველოს ტექნიკითა და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა. შესაძლოა საქართველომ ამ გზით მიიღო ეს იარაღი.“
საქართველოს  პასუხი

1) პრეს რელიზი

„ჰიუმან რაითს ვოჩისა“ და სხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც შესაძლოა ქართულმა მხარემ M85 ტიპის კასეტური ბომბები აგვისტოს ომის დროს გამოიყენა(რასაც ჩვენი ექსპერტებიც ვარაუდობდნენ), 2008 წლის 1 სექტემბერს პრეს რელიზი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

შინდისში (და შესაძლოა სხვა ადგილებშიც) M85 ტიპის კასეტური ბომბების აღმოჩენის საპასუხოდ, სამინისტრომ განაცხადა, რომ „მტრის ძალების მიერ არც ერთი GRADLAR 160 სარაკეტო სისტემა არ განადგურებულა.“ სამინისტროს პრეს რელიზში ნათქვამია, რომ „M-85 ტიპის ბომბების აღმოჩენა შინდისის ტერიტორიაზე ბევრ ეჭვს ბადებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ არ აღინიშნება არანაიარი სახის დაზიანება ამ ტიპის ბომბების მიერ. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს სათანადო გამოძიებას. ქართული მხარე მზადაა, მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში და უზრუნველყოს ყველა სახის შესაბამისი დახმარება. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავასახელოთ მომწოდებელი კომპანიის სახელიც”.

სამინისტროს პრეს რელიზის თანახმად: „M-85 ორმაგი დანიშნულების ბომბს გააჩნია უნიკალური თვითგანადგურების მექანიზმი. ეს განსაკუთრებული უსაფრთხოების ელემენტი შექმნილია იმ მიზნით, რომ ბრძოლის ველზე არ დარჩეს არანაირი ჭურვის ნაწილები, რათა წინ მიმავალმა ჯარებმა და მოსახლეობამ უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოს. ძლიერი მგრძნობელობის აფეთქება ფითილის თვისებიდან აფეთქების კუთხემდე და სუსტი აფეთქების სიჩქარე არ უქმნის სერიოზულ საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას.

2003 წელს M-85 ორმაგი დანიშნულების ბომბები გაერთიანებულმა სამეფომ ერაყში ომის დროს გამოიყენა.”

2) ოფიციალური წერილი

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩის მაია ფანჯიკიძის მიერ ერთ-ერთი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი წერილი ქართველების მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას ეხება. ეს წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულმა პიარ ფირმის წარმომადგენლებმა დაწერეს. ამ წერილით საქართველოს მთავრობა ცდილობს, საქართველოს მიერ ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობაში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი გაამართლოს. ციტატა წერილიდან:
„... თქვენს მიერ 5 სექტემბერს გამოგზავნილი წერილის პასუხად, რომელიც რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს ქართული არმიის მიერ M85 ტიპის კასეტური ბომბების გამოყენებას ეხება, გწერთ, რომ ბოლო ათასწლეული განმავლობაში საქართველოს მტერი მრავალჯერ დაესხა თავს. ბოლო საუკუნის მანძილზე მარტო რუსეთმა ორჯერ დაგვიპყრო. მრავალი წელი ქართული არმიის მთავარ ამოცანას დამპყრობელთა შეჩერება და მოგერიება წარმოადგენდა.

დღეს, ქართულ არმიას არსენალში აქვს კასეტური ბომბები და სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები, რომელთა მიზანია ქვეითი მტრის შეჩერება ან მისი წინსვლის შენელება გაშლილ ველზე. ამ მიზნით ქართულმა არმიამ შეარჩია M85 ტიპის კასეტური ბომბები. M85 ტიპის კასეტური ბომბებს ისვრიან MK4 LAR160 ტიპის რაკეტით GRADLAR 160 სარაკეტო სისტემიდან. ქართულმა არმიან M85 ტიპის კასეტური ბომბი ნაწილობრივ იმის გამო შეიტანა სამხედრო არსენალში, რომ მას აქვს უნიკალური თვითგანადგურების მექანიზმი (რასაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ნორვეგიის ხალხთა დახმარებაც“ ადასტურებს და აცხადებს, რომ M85-ს „კასეტურ ბომბებს შორის ყველაზე საუკეთესო თვითგანადგურების მექანიზმი აქვს“).

თუმცა, მცირე რაოდენობით დარჩენილი აუფეთქებელი კასეტური ბომბები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ნაწილობრივ ამიტომაც ამ ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა M85 ტიპის კასეტური ბომბები მხოლოდ ერთი სამიზნის, როკის გვირაბიდან საქართველოში შემომავალი რუსული არმიის წინააღმდეგ გამოიყენა. კერძოდ კი, ქართულმა მხარემ კასეტური ბომბები როკიდან ჯავისკენ მიმავალ ვიწრო, ალპურ ზონაში გაშლილ მდელოზე გამავალ გზაზე გამოიყენა, რომელიც სოფლებისაგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. ქართული არმიის სამიზნეს მოძრავი რუსული კოლონა წარმოადგენდა.

M85 ტიპის კასეტური ბომბები ქვეითი სამხედრო ძალის წინააღმდეგ გამოიყენება გაშლილ ადგილას. ჩვენ ეს იარაღი მისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენეთ. არმიას M85 ტიპის კასეტური ბომბები სხვა სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოუყენებია.

რუსების მტკიცებით, M85 ტიპის კასეტური ბომბები ცხინვალსა და გორს შორის სოფელ შინდისში იქნა აღმოჩენილი. შინდისი ქართული სოფელია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს და რომელიც ამჟამად რუსების კონტროლქვეშაა. შინდისი იყო ერთ-ერთი ბოლო პოზიცია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეკავა. ქართულ არმიას არ მიუტანია იერიში საკუთარ ჯარისკაცებსა და ქართველ მშვიდობიან მოსახლეობაზე არც კასეტური ბომბებით და არც სხვა რამე იარაღით.

შინდისში აღმოჩენილი არც ერთი კასეტური ბომბი არ აფეთქებულა. კასეტური ბომბების 100 %-ის აუფეთქებლობა მაშინ როცა ცნობილია, რომ ეს მეტად მგრძნობიარე იარაღია, საეჭვოა. ჩვენ ვიცით, რომ შინდისში კასეტურ ბომბებს ნგრევა და დაზიანება არ გამოუწვევია, ასევე ვიცი, რომ M85 ტიპის კასეტური ბომბები რუსულ არსენალში არ არის (თუ ბრძოლის დროს არ ჩაიგდო ხელში მოწინააღმდეგისგან) და საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც არ დაუბომბავს თავისი მოქალაქეები, ამიტომ ვასკვნით, რომ შინდისში კასეტური ბომბები სხვა გზით მოხვდა.

იმის გამო, რომ კასეტური ბომბები მოთავსებულია რაკეტაში შეუძლებელია ქართულ არმიას ისინი უკანდახევის დროს რაკეტიდან ამოიღო და შინდისში დაეყარა (ვინმემ თუ არ გააკეთა, მხოლოდ უკან დახევამდე). ჩვენი ვარაუდით, რუსმა ჯარისკაცებმა როკის გვირაბის სამხრეთით ქართველების მიერ ნასროლი აუფეთქებელი კასეტური ბომბები მოაგროვეს და შინდისში ჩამოიტანეს, რათა საქართველოს არმიის დისკრედაცია მოეხდინათ.

ჩვენ მივესალმებით რუსული და ქართული სამხედრო ძალების მიერ კასეტური და სხვა ტიპის ჭურვების გამოყენებისა და ორივე არმიის მოქმედებების თაობაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია ბომბებთან დაკავშირებულ რისკებზე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი საცხოვრებელი ტერიტორიების ბომბებისაგან გაწმენდაში დახმარება. ამას ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, ის ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. ბუფერულ ზონაში მდებარეობს, სადაც საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამის გამო, მიგვაჩნია, რომ თქვენი შემოთავაზების ადრესატი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.

გარწმუნებთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა მზად არის გაწმედნითი და სხვა სახის სამუშაოები ჩაატაროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც კი რუსული საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს. გეთანხმებით, რომ კასეტური ბომბები მეტად საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და სწორედ ამიტომაც ომის დროს ქართულმა მხარემ ისინი დიდი სიფრთხილით გამოიყენა. დიდი სიამოვნებით ამოვიღებდით ხმარებიდან ამ იარაღსაც და სხვა იარაღებსაც. თუმცა, გასული თვის მოვლენებმა დაგვარწმუნეს, რომ ამის ფუფუნება არ გვაქვს, სანამ ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობელი ევროპის სამშვიდობო წესებს არ დაემორჩილება. მანამდე კი, ჩვენ ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა უნდა დავიცვათ და არმიაც უნდა აღვჭურვოთ ამ ამოცანის კარგად შესასრულებლად. ამის გამო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევუერთდებით „კონვენციას კასეტური ბომბების შესახებ.“

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საქართველო მიესალმება საერთაშორისო გამოძიებას, რომლის მიზანიც იქნება იმის დადგენა, თუ როგორ გამოიყენა ორივე მხარემ (რუსეთმა და საქართველომ) კასეტური ბომბები და სხვა იარაღი ომის დროს. უფრო კონკრეტულად კი, თუ რა ნაბიჯები გადადგეს სამხედრო ძალებმა ომის დროს და მის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად.
პატივისცემით, მაია ფანჯიკიძე“

3) პიარ კონსულტანტის ვერსია

პატრიკ უორმსმა, საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულმა პიარ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც  კამპანია STOP RUSSIA-ს წარმოებაზე იყო პასუხისმგებელი, ჩვენს იმეილზე ასეთი პასუხი გაგვცა: „იმის გამო, რომ თქვენ თავად იმყოფებოდით ბუფერულ ზონაში, იქნებ მოგეპოვებათ კასეტურ ბომბებზე დაწვრილებითი ინფორმაცია? იქნებ შეძლოთ ამ ინფორმაციისა და ფოტოების მოწოდებაც?“ უორმსის თქმით, „საქართველოს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ერთ ქართულ სოფელში მაინც არის კასეტური ბომბები, რომლებიც ნასროლი კი არა ჩადებულია ( ქართული მხარე ამას იმის საფუძველზე ასკვნის, რომ ქართულ სოფელში ნაპოვნი არც ერთი კასეტური ბომბი არ არის აფეთქებული, რაც ასეთი ტიპის იარაღისთვის საკმაოდ უჩვეულოა. საშუალოდ ნასროლი კასეტური ბომბების მხოლოდ 10 % არ ფეთქდება.). მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვინ რა, როგორ და ვის წინააღმდეგ გამოიყენა ომის დროს (რადგან სამხილები მოპოვებულია დამკვირვებლების და თქვენს მსგავსად ადამიანის უფლებათა აქტივისტების მიერ), ვეჭვობ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტის დადასტურდა, რუსეთი ცდილობს, საქართველოსაც დასდონ ბრალი კასეტური ბომბების გამოყენებაში. ამ მიზნით კი, ჩემი აზრით, რუსულმა მხარემ როკის გვირაბის შესასვლელიდან (სადაც ქართველების აღიარების თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს) აღებული კასეტური ბომბები  სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს იმის იმიტაციისთვის, რომ საქართველომ კასეტური ბომბები როკის გვირაბის შესასვლელის გარდა სხვაგანაც გამოიყენა. მაგრამ, დასკვნების გაკეთებას მაინც არ ვჩქარობ“.

4) ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილი KADDB-ს

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ შედგენილი  სერტიფიკატი. სერტიფიკატში ჩამოთვლილია საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო ვაზნები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ KADDB-სგან შეიძინა შუამავალი ფირმის ,,მელვეილ ქორფორეიშან”-ის მეშვეობით. ეს საბრძოლო მასალები რუსული ტიპოლოგიისაა, თუმცა, როგორც თქვენს საიტზე (,,მელვეილ ქორფორეიშან“-ის საიტი) ვნახეთ, თქვენი შეიარაღება ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, სერტიფიკატი შედგენილია რუსულ ენაზე მაშინ, როდესაც არც ერთი მხარე რუსულენოვანი არ არის. ამ შეუთავსებლობამ გარკვეული ეჭვები გაგვიჩინა, იმპორტიორი მხარე ნამდვილად თქვენი კომპანიაა თუ არა“.

დამატებითი სამხილები

2008 წლის 4 ნოემბერს ამერიკულ გავლენიან გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში” ,,ჰიუმან რაითს ვოჩის“ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნდა სტატია სათაურით:  ,,საქართველომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ბომბები გამოიყენა“. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, ქართული კასეტური ბომბები სოფელ შინდისის გარდა „9 ქართულ ქალაქში ჩამოვარდა, მათ შორის არის ისეთი ტერიტორიებიც, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებული კასეტური ბომბების გამოყენების ადგილიდან შორს მდებარეობს....“ ა.შ.შ.-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისა და ,,ჰიუმან რაითს ვოჩის“ უფროსი სამხედრო ანალიტიკოსის მარკ გარლასკოს განცხადებით, კასეტური ბომბები, რომლებიც ქართველების განცხადებით, მათ ისრაელიდან შემოიტანეს, საჭიროზე მეტი რაოდენობით იწარმოება. მისი თქმით, კასეტური ბომბები სამიზნეებს არ მოხვედრია და ბევრი მათგანი არც აფეთქებულა.

,,ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ მოპოვებული მასალა დასტურდება ჯეფრი სილვერმანისა და იან ქარვერის მიერ რუსეთის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაში მდებარე სოფელ ბროწლეთში აღმოჩენილი ფაქტობრივი მასალით. ამასთან დაკავშირებით სტატიები გამოქვეყნდა „ჯორჯიან თაიმსსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცეტრის“ ინტერნეტ გაზეთში.
http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=13016
http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3186&lang=en
დამოუკიდებელი უცხოელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბროწლეთში სამი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა კასეტურ ბომბზე. თუ ეს ფაქტები მართლაც დადასტურდა, გამოდის, რომ ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩამოყრილ ბომბებს თავად ქართველი ჯარისკაცები შეეწირნენ. ასეთი რამ აგვისტოს ომის დროს ჯერ არ დაფიქსირებულა. სოფელ ბროწლეთში აუფეთქებელ ჭურვზე ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც აფეთქდა.

დასკვნა

კასეტური ბომბები ნამდვილი უბედურებაა. ამიტომაც, ქვეყნების უმეტესობა „კასეტური ბომბების შესახებ კონვენციას“ შეუერთდა. მათ თავისუფლად შეეძლოთ თავი აერიდებინათ კონვენციაზე ხელისმოწერისთვის იმავე მოტივებით (კონფლიქტები ან სხვა სახის საფრთხეები), რა მოტივითაც საქართველო არ აწერს ხელს ამ კონვენციას. თავის გამართლება, თითის სხვისკენ გაშვერა და იმის კითხვა ვინ რა, სად და რა რაოდენობით გამოიყენა აგვისტოს ხანმოკლე ომის დროს კასეტური ბომბები ვერ გადაფარავს იმ მსხვერპლსა და ზარალს, რაც კასეტურმა ბომბებმა მიუტანა ქვეყანას და არც გარდაცვლილებს გააცოცხლებს.

არავინ არასოდეს იცის კასეტური ბომბი სად ჩავარდება. სწორედ ამიტომ კასეტური ბომბების გამოყენება აკრძალულია ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებში. ომში იარაღის გამოყენებისას ჰუმანურობის გამოჩენის საკითხი ყოველთვის იდგა და ახლაც დგას. მაგრამ, როცა რაღაც იარაღის გამოყენება აკრძალულია, ისინი არც უნდა იწარმოებოდეს და არც უნდა გამოიყენებოდეს იმ ქვეყნების მეირ, რომლებიც შეთანხმდნენ აკრძალული იარაღის არ გამოყენებაზე და ასევე იმ ქვეყნებმაც არ უნდა გამოიყენონ აკრძალული იარაღი, რომლებიც ჰუმანური ღირებულებების დაცვისკენ ისწრაფვის.

მართალაც საეჭვოა, რომ ამდენმა აუფეთქებელმა კასეტურმა ბომბმა თავი ერთად მოიყარა. საინტერესოა, რატომ არ გამოთქვა რუსეთმა პრეტენზია ქართველების მიერ როკის გვირაბთან რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენების გამო. ექსპერტების დასკვნით, აღმოჩენილი ასაფეთქებელი საშუალებები იმ ტიპისაა ქართველები რომ იყენებენ და იმ წყაროებითაა შემოტანილი საქართველო რომ იღებს იარაღს. საქართველომ აღიარა აგვისტოს ომის დროს M85 ტიპის კასეტური ბომბების გამოყენება. ქართული მხარე რუსეთს არ ადანაშაულებს ქართველების წინააღმდეგ იმავე ტიპის კასეტური ბომბის გამოყენებაში.

…ჩვენ არ ვცდილობთ არც საქართველოს მთავრობის სასარგებლო ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოთქმას, არ გვსურს ასევე დავესხათ თავს ან ერთ ან მეორე მხარეს (იგულისხმება საქართველო და რუსეთი). თუ მართლაც იქნა კასეტური ბომბები გამოყენებული, უნდა გაირკვეს, ვინ შეუკვეთა მათი ყიდვა ან ვისი ბრძანებით მოხდა მათი გამოყენება. თუ დადასტურდება, რომ საქართველომ მართლაც გამოიყენა კასეტური ბომბები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ომის დანაშაული ჩაიდინა.

ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. თუმცა, თუ კონფლიქტის მონაწილე მხარეები უარს იტყვიან თავისი მოქმედებების გამო პასუხისმგებლობის აღებაზე, ამით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. კასეტური ბომბები კლავს ხალხს იმის განურჩევლად, ვინ ისვრის მათ ან რა მიზნით. ერთადერთი გზა ამის თავიდან ასაცილებლად კასეტური ბომბების არგამოყენებაა.

იმ მხარემ, რომელიც კასეტურ ბომბს იყენებს, შესაძლოა თავისივე მოქალაქე იმსხვერპლოს. ეს კი ადამიანის უფლებების (სიცოცხლის უფლების) დარღვევაა. ის ვინც, ეს ჩაიდინა სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. არავის აქვს უფლება, საკუთარი ხალხის სახელით იმავე ხალხის წინააღმდეგ ასეთი დანაშაული ჩაიდინოს.

თბილისი: ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”. ჯეფრი სილვერმანი, ენტონი ბათსის მხარდაჭერით, იან ქარვერის ფოტოები, დამოუკიდებელი ამერიკელი და საერთაშორისო სამხედრო და დაზვერვის ექსპერტები, მასალები სტატიისთვის და საჭირო კომენტარები მოვიპოვეთ საქართველოს მთავრობისგან, თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზებიდან და საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიმოწერის შედეგად.  
26 ნოე. '08

2 მარ. '10

...უკან